შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ უმრავლესობით მხარი დაუჭირა კანონპროექტს კაპიტოლიუმის შენობაში კონფედერატების ქანდაკებების დემონტაჟის შესახებ.
კანონპროექტს 305-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, 113 წინააღდეგ წავიდა, რომელთა შორის ყველა რესპუბლიკელი კონგრესმენი იყო. ქანდაკებების დემოტაჟს მხოლოდ 72 რესპუბლიკელი მიემხრო.
კანონპროექტის თანახმად, ცნობილი პიროვნებების ქანდაკებები, რომლებიც ემსახურებოდნენ ამერიკის კონფედერაციულ შტატებს, უნდა მოიხსნას კაპიტოლიუმის შენობიდან.
ამ დროისთვის არსებული კანონმდებლობით, კონგრესმენებს არ აქვთ უფლებამოსილება კონგრესში ქანდაკებების დემონტაჟი განახორციელონ. თითოეული შტატი უგზავნის "ორი გამოჩენილი პიროვნების ქანდაკებას კაპიტოლიუმს, რათა პატივი მიეგოს მათ, ვინც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შტატის ისტორიაში". შესაძლებელია ამ ქანდაკებების ჩანაცვლება იმ შემთხვევაში, თუ შტატის საკანონმდებლო ორგანო და გუბერნატორი შეთანხმდებიან.
ახალი ინიციატივით, ქანდაკებებს, რომელთა დემონტაჟიც მოხდება ვაშინგტონის მუზეუმში გადააგზავნიან ან შესაბამის შტატებს დაუბრუნებენ.
გარდა ამისა, კანონპროექტით კონგრესის ბიბლიოთეკას დაევალება, მოხსნას საჯარო ხედვის არეალიდან ყველა კონფედერატის პორტრეტი.
თუ კანონპროექტს კონგრესის ზედა პალატა, სენატი დაამტკიცებს, მაშინ ის ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება.
შეერთებულ შტატებში კონფედერატებისა და მათთან დაკავშირებული სიმბოლოების წინააღმდეგ გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციელის ხელით შავკანიანი ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა.
ბოლო კვირების განმავლობაში კონფედერაციასთან დაკავშირებული უამრავი ქანდაკება აიღეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, ზოგიერთ შემთხვევაში ქალაქის ხელმძღვანელობამ მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება.
კონფედერატები იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების აჯანყებული შტატები, რომლებიც გამოეყვნენ ამერიკას და დააფუძნეს ამერიკის კონფედერაციული შტატები, რომელიც არსებობდა 1861-დან 1865 წლამდე. სამოქალაქო ომში ამერიკის კონფედერაციულის შტატების მარცხის შემდეგ, ამერიკა კვლავ გაერთიანდა.
აჯანყების მთავარი მიზეზი იყო ის, რომ სამხრეთულ შტატებს არ სურდათ მონობის გაუქმება, რადგან მათი მეურნეობა მთლიანად მონების შრომაზე იყო დაყრდნობილი.