ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტზე ევროკავშირის ლიდერები მესამე დღეა მსჯელობენ ბიუჯეტსა და კორონავირუსისგან დაზარალებული ეკონომიკების დახმარების გეგმაზე.
ევროკავშირის სამიტი, რომელიც ტრადიციულად ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობს და გუშინ უნდა დასრულებულიყო, შეთანხმების მიუღწევლობის გამო დღეს გაგრძელდა.
გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ შესაძლოა დღევანდელმა დღემაც შეთანხმების გარეშე ჩაიაროს და აღდგენის გეგმა ჩავარდეს.
სამიტის დაწყებამდე მერკელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დღევანდელი დღე გადამწყვეტი იქნება მოლაპარაკებებისთვის.
"არსებობს უამრავი კეთილსაიმედო შეხედულებები, თუმცა ძალიან ბევრი განსხვავებული პოზიციაა. იმედია, შეთანხმებას მივაღწევთ", - განაცხადა ანგელა მერკელმა.
გუშინ, 18 ივლისს ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი დღით გაეხანგრძლივებინათ სამიტის მუშაობა იმ იმედით, რომ შეთანხმებას მიაღწევდნენ 1.82-ტრილიონიანი ბიუჯეტისა და დახმარების პაკეტის ირგვლივ.
სამიტზე ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ მხარი უნდა დაუჭიროს 2021-2027 წლის ევროკავშრის ბიუჯეტს, რომელიც 1 ტრილიონ ევროს მოიცავს და ეკონომიკების აღდგენის 750 მილიარდი ევროს ოდენობის ფონდს.
კორონავირუსის პანდემიამ ევროკავშირის ეკონომიკა მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ, ჯერ არნახული რეცესიის წინაშე დააყენა.
ფოტო: Francisco Seco/AFP via Getty Images