საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, ნებისმიერ ეტაპზე ითანამშრომლოს სახალხო დამცველთან. იუწყება პროკურატურის პრესსამსახური.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურის წარმომადგენლებს უკვე ჰქონდათ კომუნიკაცია სახალხო დამცველის აპარატთან. ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს მიეცემათ საშუალება გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს.
გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე გამოძიების შესწავლის პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით განცხადება სახალხო დამცველმა დღეს გაავრცელა.
შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ "საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.
სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.
4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.
19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა.
მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი არის ასფიქსია წყალში დახრჩობით. გარდა ამისა, უკვე არსებულ კვალიფიკაციას დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლი დაემატება.