გიორგი შაქარაშვილის საქმე დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განზრახ მკვლელობად გადაკვალიფიცირდა. ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია.
"სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით", - აღნიშნულია განცხადებაში.
აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე.
ამავდროულად, გასაჯაროვდა გიორგი შაქარაშვილის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.
"გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს", - ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება ინტენსიური გამოძიება.