გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო.
სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა, რომელიც 17-ვე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
საქართველოს პროკურატურამ, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დაკავებულ ჩვიდმეტივე პირს წარუდგინა ბრალდება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“.
გიორგი შაქარაშვილი, რომელიც მცხეთაში, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, 19 ივნისს გაუჩინარდა. 4 დღის შემდეგ მაშველებმა მისი ცხედარი მდინარე არაგვში აღმოაჩინეს.