სახალხო დამცველი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესწავლის პროცესში ჩაერთვება. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
"საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სახელით კიდევ ერთხელ გულწრფელ მწუხარებას გამოვთქვამთ გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის გამო. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების შემდეგ, ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებო და მნიშვნელოვანია ამ კატეგორიის დანაშაულების პრევენცია ან/და მომხდარ ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირება", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ "საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.
სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.
4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.
19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა.
მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი არის ასფიქსია წყალში დახრჩობით. გარდა ამისა, უკვე არსებულ კვალიფიკაციას დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლი დაემატება.