ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანმა სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანას თავისი ისტორიის განმავლობაში ყველაზე მძიმე წელი უდგას.
მისი თქმით, წლევანდელი წელი ყველაზე მძიმეა, კორონავირუსის პანდემიისა და შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების გამო.
"მტრის მიერ გამოცხადებული ეკონომიკური ომისა და კორონავირუსის პანდემიის გამო, ეს წელი ყველაზე მძიმე წელია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ბოლო 140 წლის განმავლობაში, ჩვენ არ გვქონია ასეთ დაავადებასთან ბრძოლის გამოცდილება", - განაცხადა როჰანმა.
ჰასან როჰანის განცხადებით, დღეიდან ირანში სავალდებულო იქნება სახის დამცავი პირბადეების ტარება.
აპრილში ირანში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის შემცირების მიუხედავად, ინფექციების ზრდა კიდევ ერთხელ დაფიქსირდა მაისსა და ივნისში.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ირანში ვირუსის გავრცელების დღიდან, 222 669 შემთხვევა აღირიცხა. გარდაიცვალა 10 508 ადამიანი.