პოსტპანდემიურ პერიოდში შიდა ტურიზმის წასახალისებლად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი პროექტი წამოიწყო.
"აღმოაჩინე ის რაც შენია და იმოგზაურე საქართველოში" ამ სლოგანით ქართული მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის შიდა ქართლში პრეს-ტური მოეწყო.
შიდა ქართლის ტურისტულად პოპულარულ ადგილებში ჟურნალისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა უმასპინძლა და მათ რეგიონის ტურისტული პოტენციალი გააცნო.
პრეს-ტურში სხვადასხვა ტელევიზიისა და გამოცემის 22 ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და ბლოგერი მონაწილეობდა.
პრეს-ტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებმა ჯამბაკურ ორბელიანის სასახლე, ახლახანს რეაბილიტირებული სხვილოს ციხე, სურამის ციხე, კოდიწყაროს ტბა და გრაკლიანის მუზეუმი მოინახულეს. ტურის ფარგლებში ჟურნალისტები შატო შარამანს ეწვივნენ, სადაც შიდა ქართლში ცნობილი სხვადასხვა სახეობის ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. მედიის წარმომადგენლები გაეცნენ რეგიონში აგრო-ტურიზმის პოტენციალს და გოჯიაშვილის ვაშლის ბაღებს ესტუმრნენ.
ტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლები ქვიშხეთში ახლად გახსნილ 4 ვარსკვლავიან ეკო სასტუმროს "მწერლები" ესტუმრნენ, რომელიც 15 ივნისიდან სრული დატვირთვით ფუნქციონირებს.
ახალი სასტუმრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს "აწარმოე საქართველოს" პროექტის მხარდაჭერით გაიხსნა.