საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ლეიბორისტური პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც ის გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშს "ქართული ოცნების" ლობისტობაში დებს ბრალს.
ზალკალიანის განცხადებით, ელჩებზე თავდასხმა იმ ქვეყნების შეურაცხყოფაა, რომელსაც ისინი წარმოადგენენ.
"საქართველოს პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოები ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის ხელშეწყობაში. მათი მხარდაჭერითა და გვერდში დგომით საქართველომ ბევრი გამოწვევა დაძლია და უამრავ წარმატებას მიაღწია.
ამ პროცესში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით იმ დიპლომატებს, რომლებიც საქართველოს უახლესი ისტორიის სხვადასხვა პერიოდში მსახურობდნენ და დღესაც საქმიანობენ ჩვენს ქვეყანაში. მადლობელი ვარ თითოეული მათგანის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატული გულწრფელი პატივისცემისა და მზაობისთვის თავისი წვლილი შეიტანონ ჩვენი ქვეყნის წარმატებების საერთაშორისო ფორმატებში წარმოჩენაში.
ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ ელჩები საქართველოში წარმოადგენენ საკუთარ მთავრობას და მათზე შეტევა იმ ქვეყნების შეურაცხყოფაა, რომელსაც ეს ელჩები წარმოადგენენ.
გერმანია არის საქართველოს მეგობარი და მტკიცე მხარდამჭერი. საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში გერმანიის როლი უმნიშვნელოვანესია.
დარწმუნებული ვარ, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსზე ბოლო პერიოდში გახშირებული უპასუხისმგებლო გამონათქვამები ზიანს ვერ მიაყენებს ჩვენს მეგობრულ, დინამიურ და მჭიდრო თანამშრომლობას", - აცხადებს ზალკალიანი.
შეგახსნებთ, გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა, რომ 8 მარტის შეთანხმებაში გიორგი რურუას სახელი არ არის ნახსენები, რასაც ნათელაშვილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.