ანტიდასავლური განცხადებები და კამპანია რადიკალური ოპოზიციის არჩევანია. ქართველი ხალხის არჩევანია ქართული დემოკრატიის კიდევ უფრო განმტკიცება და საქართველოს დასავლური მისწრაფებების სრულფასოვანი რეალიზება, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნების“ განცხადებაშია აღნიშნული.
პარტია შალვა ნათელაშვილის განცხადებას აფასებს, როგორც არა მხოლოდ გერმანელი ხალხისა და გერმანული სახელმწიფოს, არამედ, ქართული საზოგადოების შეურაცხყოფად და ქვეყნის სახელით, "ბოდიშს უხდის გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს ნათელაშვილის უპასუხისმგებლო და არაეთიკური განცხადების გამო".
„უკანასკნელ პერიოდში, რადიკალური ოპოზიციის ლიდერების თავდასხმა ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ და მათი ანტიდასავლური კამპანია სულ უფრო შემაშფოთებელ ფორმასა და მასშტაბებს იძენს. ვფიქრობთ, რაც უფრო ღრმად შევა რადიკალური ოპოზიცია მძიმე პოლიტიკურ კრიზისში, მისი უპასუხისმგებლობა კიდევ უფრო გამძაფრდება, რაც, მასთან ერთად, გარკვეულ ზიანს ჩვენს ქვეყანასაც მიაყენებს. ამდენად, ამგვარ უპასუხისმგებლობაზე მყისიერი რეაგირება აუცილებლად მიგვაჩნია.
შეგახსენებთ, რომ რადიკალური ოპოზიციის ლიდერები ღიად და თავხედურად აცხადებენ უარს იმ შეთანხმების შესრულებაზე, რომელსაც პოლიტიკურმა პარტიებმა ელჩების მხარდაჭერითა და ფასილიტაციით მოვაწერეთ ხელი. მეტიც, რადიკალური ოპოზიციის უკვე არაერთმა წარმომადგენელმა ღიად განაცხადა იმის თაობაზე, რომ მათ 8 მარტს შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნა სურთ.
რადიკალური ოპოზიციის ანტიდასავლური კამპანიის ერთგვარი კულმინაცია იყო მათი ლიდერების, შალვა ნათელაშვილისა და გიგა ბოკერიას მიერ გერმანიის ელჩის კომენტარის პასუხად გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები, რომლებიც უხეშად არღვევდა ზრდილობისა და ეთიკის ელემენტარულ ნორმებს. ბოკერიას და მისი მეუღლის შეურაცხმყოფელი განცხადებები მოგვიანებით კიდევ უფრო გაამძაფრა ნათელაშვილმა, რომელმაც უხეში შეურაცხყოფა არა მხოლოდ გერმანიის ელჩს, არამედ გერმანელ ხალხსა და გერმანულ სახელმწიფოსაც მიაყენა, სახელმწიფოს, რომელიც 90-იანი წლებიდან დგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე და რომელსაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზებაში.
აქვე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ნათელაშვილის განცხადება არის არა მხოლოდ გერმანელი ხალხისა და გერმანული სახელმწიფოს, არამედ, პირველ რიგში, ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა. ჩვენი ვალია, ჩვენი ქვეყნის სახელით, ბოდიში მოვუხადოთ გერმანიის ელჩს, ბატონ ჰუბერტ კნირშს ჩვენი მოქალაქის უპასუხისმგებლო და არაეთიკური განცხადების გამო.
აღსანიშნავია, რომ შეურაცხმყოფელი განცხადებები იყო პასუხი ჩვენი მეგობარი ელჩების მიერ თანმიმდევრულად გაცხადებულ სიმართლეზე, რომელიც 8 მარტის შეთანხმებას უკავშირდება. ეს სიმართლე თავდაპირველად, 23 ივნისს, მაქსიმალურად დიპლომატიურად წარმოთქვა ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, მოგვიანებით, 25 ივნისს, უფრო მკაფიოდ განმარტა ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა, ხოლო როდესაც რადიკალურმა ოპოზიციამ ვერც ამჯერად შეისმინა დიპლომატების განცხადება, 26 ივნისს იგი კიდევ უფრო მკაფიოდ განმარტა გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ კნირშმა. თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ რადიკალურ ოპოზიციას სწორად გაეაზრებინა ელჩების განცხადებების შინაარსი და მათი მოწოდება, მისმა ლიდერებმა ამ განცხადებებს შეურაცხყოფითა და უკიდურესად არაეთიკური ქცევით უპასუხეს. რადიკალური ოპოზიიციის ლიდერების ამგვარი რეაქციის მიზეზი სრულიად ნათელია - მათ არ სურთ საკონსტიტუციო ცვლილების მხარდაჭერა და მისი ჩავარდნის იმედს იტოვებენ, ელჩების განცხადებები კი, მათ მანევრირებისთვის არავითარ სივრცეს არ უტოვებს.
ანტიდასავლური განცხადებები და კამპანია რადიკალური ოპოზიციის არჩევანია. ქართველი ხალხის არჩევანია ქართული დემოკრატიის კიდევ უფრო განმტკიცება და საქართველოს დასავლური მისწრაფებების სრულფასოვანი რეალიზება, რაც 31 ოქტომბრის არჩევნებში კიდევ ერთხელ მყარად დადასტურდება. ეს არჩევანი პოლიტიკაში თავის ადგილს მიუჩენს ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც დასავლურ ღირებულებებს უპირისპირდება და კიდევ ერთხელ განამტკიცებს ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის სწრაფვას დასავლური ღირებულებებისკენ, რომელსაც ესოდენ მყარი ისტორიული საფუძველი აქვს“, - წერია განცხადებაში.