ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO), სოლიდარობის კვლევის ფარგლებში, ჰიდროქსიქლოროქინისა და ქლოროქინის, როგორც Covid-19-ის სამკურნალო პრეპარატის, გამოცდა შეწყვიტა. ამის შესახებ ორგანიზაციის კვლევებისა და განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარია რესტრეპომ ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განცხადებით, მონაცემთა ანალიზმა ცხადჰყო, რომ მედიკამენტი კოვიდინფიცირებული პაციენტების სიკვდილობის შემცირებას ხელს არ უწყობს.
"კვლევებისა და მონაცემების ანალიზის საფუძველზე აღმასრულებელმა ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, სოლიდარობის კვლევის ფარგლებში, პრეპარატის გამოცდა შეწყდეს", - განაცხადა რესტრეპომ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰიდროქსიქლოროქინისა და ქლოროქინის გამოცდა, სოლიდარობის კვლევის ფარგლებში, დროებით 25 მაისს შეაჩერა. მოგვიანებით კი, კერძოდ, 3 ივნისს პრეპარატი ჰიდროქსიქლოროქინი "სოლიდარობის კვლევაში" კვლავ დააბრუნა.
გუშინ, 16 ივნისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ პლაქვენილის კორონავირუსის სამკურნალოდ გამოყენების ნებართვა გააუქმა.