ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ პრეპარატი პლაქვენილი "სოლიდარობის კვლევაში" დააბრუნა. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა განაცხადა.
მისი თქმით, აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა, მონაცემთა უსაფრთხოების მონიტორინგის საბჭოს რეკომენდაციებზე დაყრდნობით, მიიღეს გადაწყვეტილება პლაქვენილის ცდების განახლების შესახებ.
"აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო ეს რეკომენდაცია და სოლიდარობის კვლევის ფარგლებში პრეპარატების ცდები გაგრძელდება, მათ შორის პლაქვენილის", - განაცხადა ღებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, 25 მაისს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, სოლიდარობის კვლევის ფარგლებში, ჰიდროქსიქლოროქინისა და ქლოროქინის, იგივე პლაქვენილის, როგორც Covid-19-ის სამკურნალო პრეპარატის, გამოცდა დროებით შეაჩერა.
ეს გადაწყვეტილება, გავლენიან სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებულ კვლევას უკავშირდებოდა, სადაც იუწყებოდნენ, რომ პაციენტებს შორის, რომელთაც ჰიდროქსიქლოროქინითა და ქლოროქინით მკურნალობდნენ, გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა.