სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის დელეგაციას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ჰუმანიტარული თემატიკის სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობა არ მიუღია.
მოლაპარაკებებზე რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ ამის მიზეზი გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია გახდა, რომელიც აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ქართველი დევნილებების დაბრუნებისა და მათი ქონებრივი უფლებების აღიარებას ეხება.
"სამხრეთ ოსეთის დელეგაცია საჭიროებას ვერ ხედავს ეს თემა რამდენიმე ადგილზე ერთად განიხილოს. ნიუ-იორკში სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებს არ უშვებენ, მხოლოდ რეზოლუციის მიღება იმ ადამიანების გარეშე, რომელთაც ის ეხება არასამართლიანია", _ აცხადებს გრიგორი კარასინი და დასძენს, რომ ამგვარი რეზოლუციები საფრთხეს უქმნის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს და "საფუძველს ურყევს აფხაზებისა და ოსების სურვილს არსებული სიტუაციიდან გამოსავალი ეძებონ".