დღეს, 15 ოქტომბერს, საქართველოში ვიზიტად მყოფი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, 10.30 საათზე აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობს, საიდანაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაემგზავრება და შეხვედრას ქართველ კოლეგასთან, გრიგოლ ვაშაძესთან გამართავს. შეხვედრის დასრულების შემდეგ 12.00 საათზე მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
იმავე დღეს, 14.00-15.00 საათზე ელმარ მამედიაროვი მარნეულში ქვემო ქართლში მცხოვრებ აზერბაიჯანულ დიასპორას შეხვდება, ხოლო 16.00 საათზე სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან გამართავს შეხვედრას.
ვიზიტის ბოლოს კი, 17.00 საათზე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება, რის შემდეგაც დაგეგმილია ოფიციალური ვახშამი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი, თბილისს 15 ოქტომბერს, 20.00 საათზე დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი საქართველოს 14 ოქტომბერს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მან სიღნაღი, ბოდბედეს წმინდა ნინოს მონასტერი და სხვა ისტორიულ და კულტურულ ძეგლები მოინახულა, ასევე მცხეთაში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილ კონცერტს დაესწრო.