დღეს, საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი გაიმართა.
აღნიშნული კონსულტაციების ფარგლებში, ავსტრიის დელეგაცია მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ.
შეხვედრებზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ავსტრიას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება კი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას დაეთმო.
ავსტრიულ მხარეს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოში დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობის თაობაზე, ასევე განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივები და სხვა მნიშვნელოვანი რეგიონალური და საერთაშორისო საკითხები.
ავსტრიულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
კონსულტაციებს ავსტრიული მხრიდან წარმოადგენდა ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დირექტორი, შტეფან ლენე და ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მიხაელ პოსტლი.
ქართული მხრიდან კონსულტაციებში მონაწილეობა საგარეო საქმეთა პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა ხათუნა სალუქვაძემ, ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორმა გიგი გიგიაძემ, ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა თეა ახვლედიანმა, საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ტაბატაძემ, საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა და საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გიორგი სურამელაშვილმა მიიღო.