დღეს, 14 ოქტომბერს, ჟენევის მოლაპარაკებათა მე-13 რაუნდი გაიმართება. პოლიტიკური უსაფრთხოების ახალი კონცეფცია და დევნილების საკუთარ სახლებში უპირობო დაბრუნება - ამ საკითხბეზე გაამახვილებს ყურადღებას ქართული მხარე.
"ჩვენ გვყავს 500 ათასი დევნილი. რა თქმა უნდა საქართველოს მთავრობის საზოგადოება და ქვეყნის არც ერთი მოქალაქე არ აპირებს რუსეთს ელაპარაკოს ბორჯომისა და ღვინოს დაბრუნებაზე. ჩვენ გვაქვს გადაუდებელი ამოცანები და ამ ამოცანებს მივაღწევთ და გადავწყვეტთ ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში, თუმცა ამ რაუნდისგან კონკრეტულ შედეგების მოლოდინი ნამდვილად არ გავაქვს," - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ.
მისივე თქმით, ქართული დელეგაცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შეხვედრაში მონაწილე მხარეებმა, კერძოდ კი თანათავმჯდომარებმა გაითავისონ ის აზრი, რომ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის დეოკუპაციისა და დევნილების დაბრუნების გარეშე მოლაპარაკებების წინსვლა შეუძლებელია.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე რუსული მხარე მთავარ საკითხად კვლავ საქართველო-ე.წ.სამხრეთ ოსეთს, საქართველო-აფხაზეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული დოკუმენტის გაფორმებას დააყენებს.
"შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა პრევენციებისა და ინციდენტების რეაგირების ერთობლივ მექანიზმებს, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვრებთან ნდობის აღდგენასა და უსაფრთხოების კუთხით. ასევე სერიოზული ყურადღება დაეთმობა ჰუმანიტარულ თემატიკას. აღნიშნულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია სოხუმის და ცხინვალის ხედვა, რომლებსაც საშუალება არ ეძლევა საერთაშორისო საზოგადოებასთან, ფორუმებზე და სხვა ტრიბუნიდან თავისი მოსაზრებების გააჟღერების", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
ქართული დელეგაცია აღნიშნული დოკუმენტის მარიონეტულ რეჟიმებთან გაფორმებას არ ეთანხმება.
ცხინვალის რეჟიმი ასევე აპირებს, უგზო-უკვლოდ დაკარგული ოსი მოქალაქეების მოძიების საკითხი წამოსწიოს.
ჟენევის კონსულტაციებზე ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს. დელეგაციაში ასევე შედიან შსს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
რუსული მხარის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი, ცხინვალის რეჟიმის დელეგაციას კი პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელი ბორის ჩოჩიევი ხელმძღვანელობს. სოხუმის რეჟიმმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს სრული შემადგენლობით უბრუნდება.
მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ევროკავშირის, ეუთოსა და გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლები - პიერ მორელი, ბოლატ ნურგალიევი და ანტი ტურუნენი არიან. მოლაპარაკებებში აშშ-ის დელეგაციაც მონაწილეობს.