ახლად დაარსებული "ქართული პარტიის" ლიდერების აზრით, ნატო საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი ვერ გახდება, რასაც "ქართული პარტია" საქართველოს ხელისუფლების უგუნურ პოლიტიკას უკავშირებს. როგორც დღეს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გამართულ პრეზენტაციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, პერსპექტივა იმისა, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანდება და ამ გზით დაკარგულ ტერიტორიებს დაიბრუნებს, არ ჩანს.
"საქართველოს ხელისუფლების უგუნური და არაპროგნოზირებადი პოლიტიკის შედეგად ნატო ამ ეტაპზე ვერ გახდა საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი და თვალი გავუსწროთ რეალობას, არც უახლოეს ხანებში ჩანს ამის პერსპექტივა", - აღნიშნა სუბარმა და დასძინა, რომ სააკაშვილი ცდილობს საქართველო გადააქციოს მსოფლიო პოლიტიკის განმსაზღრელ ძალთა დაპირისპირების არენად, რაც სუბარის განმარტებით, ქვეყანას დაღუპვას უქადის.
"ქართული პარტიის" განცხადებით, საქართველომ აუცილებლად უნდა გადადგას ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისკენ. პარტიის ლიდერების თქმით, იმ შემთხვევაში თუ "ქართული პარტია" ხელისუფლებაში მოვა, ისინი აუცილებლად დაიწყებენ დიალოგს აფხაზებთან და ოსებთან:
"რადგან მხოლოდ ადამიანებს შორის ნდობის აღდგენა შეიძლება გახდეს მომავალი ინტეგრაციის საფუძველი", - განაცხადა სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ოფიციალურად დაარსდა პოლიტიკური ძალა "ქართული პარტია". მისი ლიდერები არიან: ირაკლი ოქრუაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, სოზარ სუბარი, ეროსი კიწმარიშვილი და კოკა გუნცაძე.