ინფიცირებულთა სტატისტიკა გაზრდილია, მაგრამ იმედისმომცემია, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.
„სტატისტიკა გაზრდილია, მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ ეს გაზრდილი სტატისტიკა იმედისმომცემია იმ თვალსაზრისით, რომ მართალია, გრძელდება დადასტურებული შემთხვევები, მაგრამ ეს ზომიერი და კონტროლირებადია... დღეს დილისთვის გვაქვს 252 შემთხვევა. ამ 252 შემთხვევიდან უკვე 60 გამოჯანმრთელებულია საერთო მაჩვენებლით. მათ შორის 42 არის ჩვენი პაციენტი, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ. 192 პაციენტი მკურნალობს ამ ეტაპზე კორონავირუსის სამკურნალო ცენტრებში“, - თქვა ეზუგბაამ.
stopcov.ge-ს მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 252 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 63 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 3. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4929 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 405 პირი, ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.