დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) 19 თანამშრომელი გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენკოკმა განუცხადა.
"მთელი გულით მათ ოჯახებთან ვარ... ის ფაქტი, რომ მათი უმრავლესობა ის ადამიანები არიან, ვინც იმიტომ ჩამოვიდა ამ ქვეყანაში, რომ NHS-ში ემუშავა, გულს მიპობს... ჩვენ მათ ხსოვნას პატივი უნდა მივაგოთ", - განაცხადა ჰენკოკმა.
მან განაცხადა, რომ NHS-ის თანამშრომლების დაინფიცირების შემთხვევებს გამოიძიებენ, თუმცა აღნიშნა, რომ მისი მონაცემებით, მედიკოსების გარდაცვალება არ უკავშირდება დაცვის საშუალებების ნაკლებობას და ვარაუდობს, რომ შესაძლოა ისინი დაინფიცირებულიყვნენ არა კლინიკებში, არამედ სხვა ადგილებში.
ამ დროისათვის ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებულია 78 991 ადამიანი, გარდაიცვალა 9 875 პაციენტი.