კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაადრევად მოხსნამ შესაძლოა სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაზარდოს. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა ჟენევაში, ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა.
ღებრეიესუსის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დაწესებული შეზღუდვები უკიდურესად ნეგატიურ გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, მთავრობებმა არ უნდა იჩქარონ და მეტი სიფრთხილით მოეკიდონ შეზღუდვების მოხსნის საკითხს.
მისივე თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მთავრობებთან მუშაობს, რათა შეიმუშავონ სტრატეგიები შეზღუდვების შესამსუბუქებლად, მაგრამ ეს არ უნდა გაკეთდეს ძალიან მალე.
როგორც ღებრეისუსმა განაცხადა, ზოგიერთ ქვეყანაში უკვე შეინიშნება ეპიდემიის ტემპის შენელება, რაც მისასალმებელია.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გლობალური მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 1 712 674 შემთხვევაა აღრიცხული, გარდაიცვალა 103 796 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 388 910 პაციენტი.