ლილო მოლის ადმინისტრაცია მოიჯარეებს თანხის გადახდას სთხოვს. ადმინისტრაციამ განცხადება გამოაქვეყნა და იგივე შინაარსის ტექსტი ყველა მოიჯარეს გაუგზავნა.
მოიჯარეები გადახდას არ აპირებენ და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. მათი თქმით, თვეზე მეტია, თავიანთ მაღაზიებში შესვლასაც კი ვერ ახერხებენ, სქონელი რომ გამოიტანონ, ბაზრობის ადმინისტრაცია კი საიჯარო გადასახადს ითხოვს.
"ამოქმედდა სპეციალური კონსერვაციის რეჟიმი, რომელიც გაგძელდება ეპიდემიური სიტუაციის ნორმალიზირებამდე. სპეციალური რეჟიმის პერიოდში, ლილო მოლის მოიჯარეები სარგებლობენ მნიშვნელოვნად შემცირებული სპეციალური იჯარის ტარიფით. იმისათვის რომ სპეციალური იჯარის ტარიფი შევიდეს ძალაში, აუცილებელია დაიფაროს ყოველთვიური დავალიანება. გთხოვთ I და II დეკადის გადამხდელებმა მიმდინარე აპრილის დავალიანება დაფაროთ 7-15 აპრილს.
ხოლო III დეკადის გადამხდელებმა მიმდინარე აპრილის დავალიანება დაფაროთ 21-27 აპრილს", - წერია განცხადებაში.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, ლილო მოლის პრეზიდენტმა, ლევან გაგუამ განაცხადა, რომ თუ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდებოდა და ამის გამო, ვაჭრობა არ იქნებოდა, მეწარმეებს იჯარის თანხას არ გადაახდევინებდნენ.