ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორმა მარტა მაქსალიმ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს ტედროს ღებრეისუსს გადადგმოსკენ მოუწოდა. იუწყება ამერიკული გამოცემა The Hill-ი.
მისი აზრით, ღებრეისუსმა ჩინეთს ხელი შეუწყო კორონავირუსის შესახებ მონაცემების დამალვაში.
"კომუნისტების არასდროს მჯეროდა. და ის, რომ მათ დამალეს ვირუსი, რომელიც მათ ქვეყანაში გაჩნდა და რომელმაც გამოიწვია სიკვდილი ამერიკასა და მთელ მსოფლიოში... მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ უნდა შეწყვიტოს მათი მფარველობა...
მიმაჩნია, რომ თედროსი უნდა გადადგეს. ჩვენ გვჭირდება ქმედითი ნაბიჯები ამ პრობლემების გადასაჭრელად. ეს უბრალოდ უპასუხისმგებლობაა, უსინდისობაა ის, რაც მათ გააკეთეს, იმ დროს, როცა კვდებიან ადამიანები მთელ მსოფლიოში", - განაცხადა სენატორმა.
შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახური ფიქრობს, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა დამალა.სხვადასხვა წყაროს ცნობით, დაზვერვის სამსახურმა, გასულ კვირას თეთრ სახლს წარუდგინა საიდუმლო მოხსენება, რომელშიც მოყვანილია შესაბამისი შეფასებები.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, აშშ-ის დაზვერვის ვერსიით, ჩინეთმა შეგნებულად გამოაქვეყნა ინფიცირებისა და გარდაცვალების შესხაებ არასრული მონაცემები.
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პეკინი მალავდა ქვეყანაში კორონავირუსის აფეთქების მასშტაბებს და მონაცემების რაოდენობას იმაზე ნაკლებად წარმოადგენდა, ვიდრე სინამდვილეში იყო.
ჩინეთის ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის პირველი შემთხვევა, ხუბეის პროვინციის დედაქალაქ უხანში გასული წლის დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა.
ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 82 361 შემთხვევაა აღრიცხული. მათ შორის გარდაცვალების 3 316 და გამოჯანმრთელების 76 405 შემთხვევა.