"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ფოთის ორგანიზაცია ადგილობრივ საკრებულოში ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ინიცირებას გეგმავს. საკრებულოს წევრმა ლაშა ბერაიამ დღეს ბრიფინგი გამართა და 2011 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელი საკითხების ნუსხა წარმოადგინა.
"პრეზიდენტის დაპირების მიუხედავად ჯერ არ განხორციელებულა საჯარო სკოლის პედაგოგთა სტატუსთან სახელოვნებო სასწავლებლების და სპორტული სკოლების პედაგოგების სტატუსის გათანაბრება. ამიტომ ისინი მოკლებული არიან სხვადასხვა სახის დახმარებას. სამართლიანად მიგვაჩნია ქალაქმა უზრუნველყოს მათი ჯანმრთელობის დაზღვევის დაფინანსება ვაუჩერიზაციის გზით" - განაცხადა ბერაიამ.
"ქრისტიან-დემოკრატებს" აუცილებლად მიაჩნიათ დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ფოთში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის მშობიარობის თანადაფინანსების პროგრამის ამოქმედება, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის ხარჯის ნაწილის დაფარვა, ასევე სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისთვის ავარიული საცხოვრებელი ფართის ბიუჯეტის ხარჯზე გარემონტება.