ზურაბ ნოღაიდელის პარტია "სამართლიან საქართველო" მათ რიგებში მყოფ ვლადიმერ ბოჟაძეს ვანო მერაბიშვილის აგენტს უწოდებს და ღალატში ადანაშაულებს.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბოჟაძემ მაღალანაზღაურებადი თანამდებობა სააკაშვილის მფარველობის ქვეშ მყოფ კერძო სტრუქტურაში მიიღო.
"2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების პერიოდში ვაცნობიერებდით, რომ პარტიაში გაწევრიანებულთა შორის იქნებოდნენ ისეთებიც, ვინც სააკაშვილის რეჟიმის შესაბამისი სტრუქტურების დავალებით მოვიდნენ მოძრაობის რიგებში. არჩევნების შედეგების დეტალურმა ანალიზმა ღალატის კონკრეტული ფაქტები გამოავლინა. კერძოდ, ვანო მერაბიშვილის უწყების მიერ შემოგზავნილთა შორის აღმოჩნდა ვლადიმერ ბოჟაძე. ცინიკურად და ერთგვარ თვითლუსტრაციად ჟღერს ბოჟაძის საჯარო განცხადებები, რომ იგი აპირებს არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნას და ბრძოლას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის," - აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც ისინი განმარტავენ, ქვეყანაში გაღრმავებული სოციალური და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" აგრძელებს ბრძოლას ქვეყნის ერთიანობისთვის, მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, საქართველოში სამართლიანობის დამკვიდრებისთვის. ეს ბრძოლა ახალ ფაზაში შედის. ჩვენ ამ მიზნებს აუცილებლად მივაღწევთ ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვინც მზადაა, პატიოსნად და ერთგულად ემსახუროს ხალხის ინტერესებს.