გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობისა და სოციალური საკითხების მდივანს მეთ ჰენკოკს კორონავირუსი დაუდგინდა. იუწყება BBC-ი.
გავრცელებული ცნობით, ჰენკოკს ვირუსული ინფექციის მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება. ის სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა.
პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბორის ჯონსონს ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვს და მთავრობის ხელმძღვანელობას განაგრძობს. ის ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება.
უფრო ადრე, კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა გაერთიანებული სამეფოს ტახტის მემკვიდრეს, უელსის პრინც ჩარლზს.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების 11 816 შემთხვევაა აღრიცხული. 580 პაციენტი გარდაიცვალა, 150 კი გამოჯანმრთელდა.