სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა და აშშ-მა სტრატეგიული პარტნიორობა ახალ დონეზე აიყვანეს და ის ახლა „ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობად“ აქციეს.
მისი თქმით, სომხეთმა და აშშ-მა შეძლეს სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების პარაფირება პროექტ TRIPP-ის შესახებ. მან ასევე აღნიშნა, რომ ადრე უკვე გაფორმდა შეთანხმებები ხელოვნური ინტელექტის, ნახევარგამტარების, ბირთვული ენერგეტიკის მიმართულებებით და ახლა დამატებით ხელი მოეწერა ახალ დოკუმენტს იშვიათ მიწალითონებზე.
მირზოიანის განცხადებით, ახალი დოკუმენტი სომხეთს აძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ხელოვნური ინტელექტისა და სხვა სტრატეგიული მიმართულებების განვითარებაში.
მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ერევანში მიუთითებს ერევანსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გაძლიერების მზადყოფნაზე და თქვა, რომ „ყოვლისმომცველი სტრატეგიული ურთიერთობები დღეს უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე“.
მისივე თქმით, 2025 წლის 8 აგვისტოს სამიტმა, რომელსაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უძღვებოდა, ხელი შეუწყო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარებას და რეგიონში სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნის შეთანხმებებს.
მირზოიანმა ასევე აღნიშნა, რომ 2026 წლის იანვარში უკვე ხელმოწერილია ახალი დოკუმენტი TRIPP-ის პროექტის განხორციელების ფარგლებში და ხაზი გაუსვა ტრამპის ადმინისტრაციის როლს რეგიონში მშვიდობისა და ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნაში.