საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებული კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამ დროისათვის, ქვეყნის მასშტაბით, სულ 13 გამოჯანმრთელებული პაციენტია.
საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ინფიცირებული პირებიდან 2 შემთხვევა ირანს უკავშირდება, ერთი ესპანეთს, ხოლო დანარჩენი პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან, აზერბაიჯანთან, ამერიკასთან, საფრანგეთსა და თურქეთთან.
27 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 80-ს აღწევს. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 4 405 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 247. გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი.
ვირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, შეიქმნა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და ახალ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს.
სამინისტროები და უწყებები 24-საათიან საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. რეკომენდაცია გაიცა დახურულ სივრცეში ყველა სპორტული, კულტურული ღონისძიებების გაუქმების შესახებ. ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო.
22 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 23 მარტს კი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო რეჟიმი დაწესდა.