მოგეხსენებათ, რომ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ღონისძიებების პირველი ეტაპი უკვე დასრულდა და ჩვენ გადავდივართ ახალ - შიდა გავრცელების ეტაპზე, რაც მთავრობის მხრიდან ღონისძიებების დამატებით გამკაცრებას მოითხოვს მთავრობის მხრიდან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
პრემიერის თქმით, უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობა განიხილეს.
"ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე, ჩვენ განვიხილეთ შესაძლებლობა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა, ქვეყნის მასშტაბით. დღეის მდგომარეობით, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ასეთი აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა, პრეზიდენტთან შეთანხმებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, როგორც კი ეს აუცილებლობა დადგება - შევძლებთ რამდენიმე საათის განმავლობაში ამ გადაწყვეტილების მიღებას და შემდგომ აღსრულებას.
ეს გადაწყვეტილება შეიძლება მივიღოთ ხვალ, ზეგ, მაზეგ, როგორც კი ასეთი აუცილებლობა დადგება და ჩვენი მედიკოსები, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გვეტყვის, რომ ვირუსის შეჩერების მიზნით ეს გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ გლობალური გამოწვევის წინაშე მოქალაქეების რეაქცია არ უნდა იყოს შიში და პანიკა. მისივე თქმით, ქვეყანა დღეს მზად არის, რომ ამ გამოწვევას სათანადოდ უპასუხოს.
"რაც მთავარია, მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდო, ეს არის გლობალური გამოწვევა, რომელზეც ჩვენი რეაქცია არ უნდა იყოს არც შიში, არც პანიკა. ჩვენი რეაქცია უნდა იყოს ძალზედ თამამი და ძალზედ ეფექტური.
მე მინდა, ასევე გითხრათ, რომ მთელი დღის განმავლობაში ჩვენ გვქონდა შეხვედრები, როგორც სპეციალური უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში, ასევე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, კერძო სამედიცინო სექტორთან, რომლის მზაობაც, ვირუსის წინააღმდეგ, დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყანა დღეს მზად არის იმისათვის, რომ ამ გამოწვევას სათანადოდ უპასუხოს,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა მოუწოდა საზოგადოებას, უკიდურესი აუცილებლობის გარეშე, ნუ დატოვებენ სოციალურ სივრცეს, განსაკუთრებით ეს ეხება ჩვენს მშობლებს, პენსიონერებს, 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს, რომლებზე ზრუნვაც სახელმწიფომ, გარკვეულწილად თავის თავზე აიღო.