ქრისტიან-დემოკრატები კონსტიტუციაში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხის რეგულირებას ითხოვენ. ამის შესახებ განცხადება ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც მესამე მოსმენით განიხილეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი.
როგორც ვეფხვაძემ განაცხადა, პროექტში არანაირი ჩანაწერი არ არსებობს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ ამ საკითხის რეგულირებაა აუცილებელი.
"ჩვენი იმპულსური პრეზიდენტის ხელში არავინ იცის, როდის რა მოხდება და ორი წლით ადრე ვერაფერს ვიტყვით, სააკაშვილი როდის რას გააკეთებს. არაა გამორიცხული, რომ ორ თვეში რიგგარეშეEარჩევნების დანიშვნა მოითხოვოს და თუკი ასე მოხდება, მაშინ რას ვშვებით? ამასთან დაკავშირებით პროექტში არაფერია ნათქვამი. ეს საკითხი საკმაოდ მნიშვნელოვანია და ახლავე უნდა გასწორდეს", - განაცხადა ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტი მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მომავალ სასესიო კვირას დაამტკიცებს.