უეფამ მომავალ კვირაში გასამართი ყველა ტურნირის, მათ შორის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის მატჩები გადადო. გადაწყვეტილების მიზეზი ევროპის კონტინენტზე გავრცელებული კორონავირუსის ეპიდემიაა.
გადაწყვეტილება ვრცელდება ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალის საპასუხო შეხვედრებზე, რომლებიც 18 და 19 მარტს იყო დაგეგემილი, ასევე - 19 და 20 მარტს გასამართ ევროპალიგის ⅛-ფინალის საპასუხო მატჩზე.
შესაბამისად, გადავადდება ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის მომდევნო ეტაპების წილისყრაც, რომელიც 20 მარტს იყო ჩანიშნული.
ასევე გადაიდო უეფას ახალგაზრდული ლიგის ¼-ფინალის მატჩებიც, რომლებიც 17-18 მარტს უნდა ჩატარებულიყო.
გადადებული მატჩების გამართვის ახალ თარიღთან დაკავშირებით, უეფაში გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებენ.
უეფამ თავისი წევრი 55 ნაციონალური ასოციაციის წარმომადგენლები 17 მარტს დაგეგმილ ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია, რომელზეც მსჯელობა კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე იქნება.
სავარაუდოდ, ამ შეხვედრაზე გადაწყდება ევრო 2020-ის პლეი ოფის ბედიც, სადაც საქართველოს ნაკრებმა ბელარუსს 26 მარტს უნდა უმასპინძლოს.