კალიფორნიის შტატში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევის შემდეგ, შტატის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
როგორც იუწყებიან, გარდაცვლილია 71 წლის კაცი, რომელიც საკრუიზო გემზე იმყოფებოდა და კორონავირუსის სიმპოტმებით საკრამენტოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გარდაცვალების ფაქტი ვაშინგტონის შტატს გარეთ დაფიქსირდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულია 150 ამერიკის მოქალაქე 16 სხვადასხვა შტატში.
საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს ვაშინგტონისა და ფლორიდის შტატებმაც.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად, შეერთებული შტატების კონგრესი მზადაა გამოყოს 8.3 მლრდ დოლარი.
გლობალური მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 92 000-ს გადააჭარბა, გარდაცვლილია 3000-ზე მეტი ადამიანი.