შეერთებული შტატების კონგრესში კორონავირუსთან საბრძოლველად 8.3 მლრდ დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ. იუწყება ABC News-ი.
ორპარტიულ კანონპროექტს თავდაპირველად წარმომადგენელეთა პალატა განიხილავს და დაამტკიცებს, კვირის ბოლომდე კი სენატი. ამი შემდეგ ხელმოსაწერად პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაეგზავნება.
ამერიკული მედია იუწყება, რომ წინასაარჩევნო ფონზე პოლიტიკურად ღრმად პოლარიზებულ ვაშინგტონში, ასე ერთსულოვნად შეთანხმების მიღწევა დიდი იშვიათობაა.
გამოყოფილი თანხიდან 350 მლნ დოლარი იმ შტატებში, ე.წ. "ცხელ წერტილებში" გაიგზავნება, სადაც ვირუსი განსაკუთრებით აქტიურია.
500 მლნ დოლარი შტატების ხელისუფლებასა და ჰოსპიტალებს გადაეცემათ, წამლების, ნიღბებისა და სხვა სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად.
1 მლრდ დოლარი გადაეცემა შტატებისა და ადგილობრივ მთავრობებს იმ დანახარჯების ასანაზღაურებლად, რასაც ისინი კორონავირუსთან საბრძოლველად ეწევიან.
300 მლნ დოლარი გადაეცემა დაავადებათა კონტროლის ცენტრს სწრაფი რეაგირების ფონდების დასაფინანსებლად.
800 მლნ დოლარი გამოიყოფა კორონავირუსის ვაქცინის შექმნისა და მისი გამოცდის დასაფინანსებლად.
1.3 მლრდ დოლარი გამოიყოფა აშშ-ის საზღვრებს გარეთ კორონავირუსთან ბრძოლის დასაფინანსებლად.
კანონპროექტის ინიციატორები, "დემოკრატი" ნიტა ლოუი და "რესპუბლიკელი" რიჩარდ შელბი არიან.