ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ეს არჩევნები უპრეცენდენტოა იმ თვალსაზრისით, რომ იგი ერთ წელზე ნაკლები დროის განმავლობაში უკვე მესამედ ტარდება.
წინა ორი არჩევნების შედეგად, ვერც მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და ვერც მისმა მეტოქემ ბენი განცმა ვერ მოახერხეს მთავრობის ფორმირება.
პრეზიდენტი რივლინი მოუწოდებდა ორივე პარტიის ლიდერს, მიეღწიათ ეროვნული თანხმობისთვის, რათა მოეხდინათ მთავრობის ფორმირება, თუმცა მათ ვერ მოახერხეს ძალაუფლების დათმობა ან განაწილება.
იმისათვის, რომ გამარჯვებულმა პარტიამ მთავრობის ფორმირება დაუბრკოლებლად შეძლოს, ისრაელის ქნესეთში 120 მანდატიდან 61 მანდატის მოპოვება უნდა შეძლოს.
შეგახსენებთ, გასულ წელს, ისრაელის გენერალურმა პროკურატურამ ნეთანიაჰუს კორუფციის ბრალდება წარუდგინა.
ნეთანიაჰუ, ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელი იყო ზედიზედ 10 წლის განმავლობაში. ამრიგად, მან პრემიერ-მინისტრის პოსტზე მუშაობის რეკორდი დაამყარა და ისრაელის დამფუძნებელი მამის, დავით ბენ-გურიონის მიღწევასაც გადაუსწრო.