ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვერ შეძლო მთავრობის ფორმირება და მისთვის გადაცემული მანდატი ისრაელის პრეზიდენტს დაუბრუნა. აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.
"პრეზიდენტმა დღეს მიიღო პრემიერ-მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ იგი მანდატს უბრუნებს პრეზიდენტს, რადგან მან ვერ შექმნა მთავრობა", - განაცხადა პრეზიდენტის წარმომადგენელმა Twitter- ზე.
მანამდე ისრაელის პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა ახალი კოალიციური მთავრობის შექმნის მანდატი გადასცა მოქმედ პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს.
ნეთანიაჰუ 28 დღის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს კოალიციური მთავრობის შესაქმნელად.
ისრაელის პრეზიდენტი მთავრობის ფორმირებას ამჯერად პარტია „ლურჯი და თეთრის“ ლიდერს ბენი განცს დაავალებს.
ნეთანიაჰუ, რომელიც ორშაბათს 70 წლის გახდა, ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელი იყო ზედიზედ 10 წლის განმავლობაში. ამრიგად, მან პრემიერ-მინისტრის პოსტზე მუშაობის რეკორდი დაამყარა და ისრაელის დამფუძნებელი მამის, დავით ბენ-გურიონის მიღწევასაც გადაუსწრო.