ისრაელის გენერალურმა პროკურატურამ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სამ სხვადასხვა საქმეზე ბრალი ოფიციალურად წაუყენა.
საქმე ეხება ბრალდებებს თაღლითობის, ქრთამის აღებისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესახებ.
ნეთანიაჰუ პროკურატურის მიერ დადანაშაულებულია მდიდარი ბიზნესმენების მხრიდან ძვირფასი საჩუქრების მიღებაში.
პრემიერ-მინისტრი კატეგორიულად უარყოფს წაყენებულ ბრალდებებს და აცხადებს, რომ იგი მსხვერპლია "კუდიანებზე ნადირობისა", რომელსაც პოლიტიკური ოპონენტები და მედია აწარმოებენ მის წინააღმდეგ.
ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ არ აპირებს გადადგომას და ამის გაკეთებას არც კანონმდებლობა ავალდებულებს.
პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუზე ბრალის წაყენება ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის ფონზე მოხდა.
გუშინ, ცნობილი გახდა, რომ ნეთანიაჰუს მთავარმა პოლიტიკურმა მეტოქემ ბენი განცმა ვერ შეძლო მთავრობის ფორმირება.
მანამდე მმართველი კოალიციის შექმნა ვერ მოახერხა თავად ბენიამინ ნეთანიაჰუმაც.
ახლა უკვე ისრაელის პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა დაავალა ქნესეთს, 21 დღის ვადაში შეარჩიოს კანდიატი პრემიერ-მინისტრის პოსტისთვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული მესამე რიგგარეშე არჩევნების ჩატარება.