„თუ დარწმუნებულები იყვნენ, რომ 40%-ზე მეტს აიღებდნენ, ეს შარი თავს და ქვეყანას რატომ აკიდეს?!, - - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საარჩევნო სისტემაში შესატან ცვლილებებთან ერთად მათთვის ასევე უმთავრესია პოლიტიკური პატიმრების საკითხი.
“რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, აქ არაფერი შეცვლილა. არის დაბნეულობა ამ 40%-თან დაკავშირებით და როგორც ჩანს, ყველა ჯერზე უნდა გადავთარგმნოთ. როცა უგულავა დაიჭირეს, ჩვენ ვთქვით - 130 პარტიული სია, 20 მაჟორიტარი. ეს უზრუნველყოფს მიკიბ-მოკიბვის გარეშე იმას, რომ 40%-ს ასცდე და უპირატესობა გქონდეს. 110/40-ზე ამას ვერ უზრუნველყოფს, რადგან ათიდან სამი კაცით თეორიულად შეიძლება, რომ უმრავლესობა ისევ ნებისმიერ პარტიას ჰქონდეს. ეს არის ერთი საკითხი. მეორეა პოლიტიკური პატიმრები და პოლიტიკური დევნა. ამ საკითხების გადაწყვეტის გარეშე პოლიტიკურ ძალებს შორის ვერანაირი შეთანხმება და ნორმალიზაცია ურთიერთობების ვერ მოხდება“, - განაცხადა გიგა ბოკერია.