ერთი საუკუნის წინ, 1919 წლის 14-17 თებერვალს ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები საყოველთაო ფარული, თანაბარი და პირდაპირი კენჭისყრით.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის მიერ, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტთა დაზუსტებული და დამტკიცებული საკანდიდატო სიები:
N1 საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია
N2 საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
N3 საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია
N4 სომეხთა რევოლუციონური პარტია „დაშნაკციუთუნი“
N5 საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთასარევოლუციო პარტია
N6 საქართველოს მუსულმანთა ეროვნული საბჭო
N7 საქართველოს რადიკალ-დემოკრატიულ გლეხთა პარტია
N8 საქართველოს ეროვნული პარტია
N9 საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტია
N10 შოთა რუსთაველის ჯგუფი
N11 დამოუკიდებელთა (უპარტიოთა) კავშირი
N12 ბორჩალოს მაზრის მუსულმანები
N13 რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათაპარტია (რსდმპ)
N14 „ესტეტიური ლიგა პატრიოტებისა“
N15 ელინთა დემოკრატიული პარტია
ყველაზე მეტი – 130 კანდიდატი წარმოდგენილი ჰყავდა საქართველოს სოციალ დემოკრატიულ მუშათა პარტიას, ხოლო ყველაზე მცირე, ერთი კანდიდატით არჩევნებზე წარდგენილი იყო შოთა რუსთაველის ჯგუფი-პარტია.
საარჩევნო კომისიის მიერ დამტკიცებულ 15 საკანდიდატო სიაში, საერთო ჯამში წარმოდგენილი იყო 600 კანდიდატი, მათგან 26 ქალი კანდიდატი.
ქალი კანდიდატები სიაში ჰყავდათ შემდეგ პოლიტიკურ სუბიექტებს: N1 საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია – 6 კანდიდატი; N3 – საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია – 5 კანდიდატი; N4 სომეხთა რევოლუციონური პარტია „დაშნაკციუთუნი“ – 2 კანდიდატი; N5 საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია – 9 კანდიდატი; N7 საქართველოს რადიკალ დემოკრატიულ გლეხთა პარტია – 1 კანდიდატი; N9 საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტია – 3 კანდიდატი.
სოციალისტურ-დემოკრატიული პარტიის 130 კაციან სიაში წარმოდგენილი იყო 5 ქალი კანდიდატი, რომლებიც არჩეულ იქნენ დამფუძნებელი კრების წევრებად:
N36 ელიონორა ტერ-პარსაგოვა-მახვილაძისა;
N61 მინადორა ტოროშელიძე;
N72 ქრისტინე შარაშიძე;
N79 ელისაბედ ბოლქვაძე;
N110 ანნა (ოლღა) სოლოღაშვილი;
საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნების ცალკეული მაზრებისა და მქალაქების შედეგების გამოქვეყნება არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ დაიწყო.
თითქმის ყველა გაზეთი ყოველდღიურად აქვეყნებდა სხვადასხვა უბნისა თუ მაზრის შედეგებს. შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე ნათელი გახდა, რომ საარჩევნო სიამ N1 საქართველოს სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა.
პარტია ფაქტობრივად ლიდერობდა ყველა მაზრაში, განსაკუთრებით მაღალი მხარდაჭერა ჰქონდა დასავლეთ საქართველოში. კერძოდ კი ოზურგეთის მაზრაში, სადაც პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 95% მიიღო.
1919 წლის 9 მარტს საქართველოს პარლამენტის დამფუძნებელი კრების ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს მაზრებიდან და ქალაქების კომისიებიდან მიიღო არჩევნების საუბნო ოქმები და შეადგინა შემაჯამებელი ოქმი. 130 მანდატი შემდეგნაირად გადანაწილდა პოლიტიკურ სუბიექტებს შორის:
N1 – საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია – 109 მანდატი;
N2 საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია – 8 მანდატი;
N3 საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია – 5 მანდატი;
N5 საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია – 8 მანდატი.
საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოში 1921 წლის 21 თებერვლამდე იარსება. გასაბჭოების შემდეგ, მისი წევრები მთავრობასთან ერთად, ემიგრაციაში განაგრძობდნენ მოღვაწეობას.