ერთი საუკუნის წინ, 1919 წლის 14-17 თებერვალს ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები საყოველთაო ფარული, თანაბარი და პირდაპირი კენჭისყრით.
სოციალისტურ-დემოკრატიული პარტიის 130 კაციან სიაში წარმოდგენილი იყო 5 ქალი კანდიდატი, რომლებიც არჩეულ იქნენ დამფუძნებელი კრების წევრებად:
ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე (1875 ‒ გარდაცვალების თარიღი უცნობია)
დაამთავრა თბილისის ქალთა გიმნაზიის კურსები. 1905 წლიდან საცხოვრებლად სოხუმში გადავიდა, სადაც პედაგოგად მუშაობდა. სოხუმში აქტიურ მონაწილეობას იღებდა რევოლუციურ გამოსვლებში.
1917 წლამდე რამდენჯერმე დააპატიმრეს. 1919-21 წლებში იყო დამფუძნებელი კრების შრომისა და სახალხო ჯანმრთელობის კომისიების წევრი. აქტიურად იყო ჩართული ანტისაბჭოთა მოძრაობაში, 1925 წელს არალეგალური სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი გახდა, ერთ წელიწადში კი კვლავ დააკავეს და ქვეყნიდან გადაასახლეს.
ელეონორა 1930-იან წლებში საქართველოში დაბრუნდა და კერძო პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. გარდაცვალა 30-იანი წლების პირველ ნახევარში, თბილისში, საკუთარ სახლში, ზუსტი თარიღი უცნობია.
მინადორა ტოროშელიძე
მინადორა ტოროშელიძე დაიბადა 1879 წლის 14 მარტს. დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზია. 1901 წელს კი სწავლა განაგრძო ჟენევის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე. აქტიურად მუშაობდა ქალაქის სოციალისტურ წრეებსა და „ისკრის“ დამხმარე ჯგუფში. ჟენევაში იქორწინა მალაქია ტოროშელიძესთან.
1905 წელს, თბილისში დაბრუნების შემდეგ რევოლუციურ მოძრაობაში ჩაერთო.
1918 წლიდან საქართველოს ეროვნული საბჭოს მუშაობაში ჩაერთო. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტზე მინადორა ტოროშელიძის ხელმოწერაც არის. 1918 წელს იგი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი გახდა, ხოლო 1919 წელს სოციალ-დემოკრატების სიით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრებისა.
1921 წლის თებერვალში რუსეთის საბჭოთა არმიის თავდასხმის დროს საქართველოს წითელ ჯვარში მუშაობდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კი ანტისაბჭოთა მოძრაობაში ჩაერთო. ამერიკული დახმარების ადმინისტრაციაში (American Relief Administration) მუშაობის პარალელურად, დაპატიმრებულ სოციალ-დემოკრატების და ფედერალისტების ოჯახების დასახმარებლად, ქალთა არალეგალურ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა.
1924 წლის დასაწყისში იძულებით მოსკოვში გაასახლეს. მოგვიანებით თბილისში დაბრუნების უფლებაც მისცეს.
1936 წლის 17 დეკემბერს 5 წლით ყაზახეთში გადაასახლეს, სადაც ქალაქ ჩიმკენტის პოლიკლინიკაში ექიმად მუშაობდა. 1937 წლის 29 ოქტომბერს ე.წ. „ტროიკამ“ მას 8 წლით შრომა-გასწორების კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯა. საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი აღმოჩნდა მისი მეუღლე მალაქია ტოროშელიძე და შვილები ლევან და გიორგი ტოროშელიძეები, რომელთაც შინსახკომის “ტროიკების” მიერ დახვრეტა მიესაჯათ.
მინადორა ტოროშელიძის სასჯელის ვადა 1945 წელს დამთავრდა, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების უფლება არ მისცეს. თბილისში 1950 წელს ჩამოვიდა, ხოლო 1956 წელს მოხდა მისი რეაბილიტირება.
მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე 1967 წლის 19 ოქტომბერს გარდაიცვალა.
ქრისტინე შარაშიძე
დამფუძნებელი კრების წევრი ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე გასაბჭოების შემდეგ არაერთხელ გახდა საბჭოთა ტერორის მსხვერპლი. პირველად 1921 წლის აგვისტოში დააპატიმრეს რამდენიმე დღით, მეორედ 1922 წლის 17 თებერვალს, ქუჩაში, როცა მე-10 ტექნიკუმიდან მოდიოდა.
გთავაზობთ ნაწყვეტს მისი დაკითხვის ოქმიდან:
,,საქართველოში არსებული წესწყობილების წინააღმდეგ მე არ ვმუშაობ იმიტომ, რომ არსებული რეჟიმი პოლიტიკურ მუშაობას შეუძლებლად ხდის. მე არც ის ვიცი არსებობს თუ არა ცენტრალური კომიტეტი მენშევიკური პარტიისა და ეწევა თუ არა რაიმე მუშაობას. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების განმტკიცებაზე შემიძლია ვსთქვა რომ აქ არის ხსენებული ძალაუფლება შემოსული რუსეთის წითელი ჯარის საშუალებით რომელიც წარმოადგენს რეალურ ძალას და მთავრობა შემდგარი ქართველებისაგან წარმოადგენს მხოლოდ ფიქციას და ბატონობა საქართველოში არის უცხო ხალხისა~... (სტილიდაცულია).
არსებულ პირობებში, როცა ხვრეტდნენ ყველა საწინააღმდეგო აზრის მქონეს, ქალბატონისგან მსგავსი ჩვენების მიცემა საპყრობილეში, სისხლისმსმელი ჯალათების წინაშე, სწორედაც რომ გმირობის ტოლფასი იყო!
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ქრისტინე შარაშიძეს შეუფარდეს თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ 6 თვით. მეორე გამასწორებელი სახლიდან (მეტეხისციხიდან) 1922 წლის 6 მარტს გაათავისუფლეს ავადმყოფობის გამო მისი ძმის, შალვა შარაშიძის თავდებობის ქვეშ. საბჭოთა საქართველოში ქრისტინე შარაშიძე განაგრძობდა აქტიურ სამეცნიერო მოღვაწეობას,
გარდაიცვალა 1973 წელს.
ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე (1885-1937)
1904 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის მუშაობაში. 1917 წელს „გურიის ქალთა საზოგადოების“ თავმჯდომარედ აირჩიეს, 1919 წლიდან კი დამფუძნებელი კრების შრომის კომისიის წევრი გახდა. ანტისაბჭოთა მოღვაწეობისთვის პირველად, 38 წლის ასაკში, ურალის მხარეში გადაასახლეს. 1925 წელს ელისაბედი საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ ერთ წელიწადში კვლავ დააკავეს ‒ ჯერ ციმბირში, მინუსინსკის პოლიტ-იზოლატორში მოათავსეს, შემდეგ კი ურალსკისა და ალთაის მხარეში გადაასახლეს.
1937 წელს რეპრესიების მსხვერპლი გახდა. ის კრასნოიარსკის მხარეში კონტრრევოლუციური საქმიანობისთვის დახვრიტეს.
ანა სოლოღაშვილი
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.
1903 წლიდან საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1918 წლიდან მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული საბჭოს მუშაობაში, ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წელს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით. იყო საბიბლიოთეკო და სარედაქციო კომისიის წევრი.
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ანტისაბჭოთა არალეგალურ მოძრაობაში ჩაება. 1925 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა.
1937 წელს შინსახკომის სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რაიონულმა განყოფილებამ დააპატიმრა. ანტისაბჭოთა და ანტისაკოლმეურნეო პროპაგანდის, შოვინისტური განწყობების, ასევე მენშევიკთა ლიდერ ნოე რამიშვილთან კავშირის ბრალდებით, ანა სოლოღაშვილს დახვრეტა მიუსაჯეს.
ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა, ეროვნული არქივი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია.