შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავას დაკავებას მიკრობლოგ "ტვიტერზე" ეხმიანება.
"იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველომ აირჩია გზა, გაზარდოს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გასულ კვირას ვუთხარი, სასამართლოს დამოუკიდებლობის ჩამოშლა და ოპოზიციის დევნა მიუღებელი საქციელია", - დაწერა ამერიკელმა სენატორმა.
მანამდე გიგი უგულავას დაკავებას, კონგრესმენი ადამ კინზინგერი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ "სასამართლოს იარაღად გამოყენება არ არის დემოკრატია".
უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო. სასამართლომ უგულავას დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გიგი უგულავას პროკურატურა თბილისის მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება.