პეკინის მთავრობამ, ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ყველა საახალწლო მასშტაბური დღესასწაულის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
ჩინური ახალი წელი 25 იანვარს აღინიშნება.
გასული წლის დეკემბრის ბოლოს, ჩინეთის ხელისუფლებამ ხუბეის პროვინციაში, ქალაქ უხანში ახალი საშიში ვირუსის გამოვლენის შესახებ განაცხადა.
22 იანვრის მდგომარეობით დაფიქსირდა ინფიცირების 448 შემთხვევა. ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილია 9 ადამიანი.
ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები აღმოჩენილია ჩინეთის მიღმაც, სამხრეთ კორეაში, ტაილანდსა და იაპონიაში.
21 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ახალი კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა შეერთებულ შტატებში, კერძოდ ვაშინგტონის შტატში დაფიქსირდა.
მანამდე ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი ჰაერწვეთოვანი გზით გადაეცემა.