ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “საგარეო საქმეთა სამინისტროს” განცხადებით, ნაურუზე „უპრეცედენტო ზეწოლა" განხორციელდა, მათთან "დიპლომატიური ურთიერთობების" შესაწყვეტად.
დე ფაქტო უწყების განცხადებით, 2009 წლის 15 დეკემბრიდან, როდესაც ნაურუმ ოკუპირებული აფხაზეთი აღიარა და დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა, მხარეებს შორის „კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგი“ და თანამშრომლობა ვითარდებოდა.
მათივე მტკიცებით, „საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების მხრიდან ნაურუს წინააღმდეგ აგრესიული საგარეო ზეწოლის კამპანია“ მიმდინარეობდა, რომელიც, მათი შეფასებით, მოიცავდა „პოლიტიკურ შანტაჟს, დიპლომატიურ ზეწოლას, ფინანსურ-ეკონომიკურ რეპრესიებსა და სანქციებს“.
დე ფაქტო უწყება აცხადებს, რომ „ნაურუს გადაწყვეტილება დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ ხანგრძლივი სისტემატური პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლის პირდაპირი შედეგია“.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „მსგავსი პრაქტიკა ეწინააღმდეგება გაეროს წესდების ფუნდამენტურ პრინციპებს, მათ შორის სახელმწიფოების სუვერენული თანასწორობისა და მათ შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებს“.
განცხადების ბოლოს დე ფაქტო უწყება აღნიშნავს, რომ „ოკუპირებული აფხაზეთი კვლავაც გააგრძელებს საერთაშორისო სუბიექტურობის განმტკიცებისა და იმ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის კურსს, რომლებიც სუვერენული თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს იზიარებენ“.