"დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართვველოსთვის" საბჭოს წევრი გიორგი კობახიძე ოპოზიციურ პარტიებს, საარჩევნო გარემოს შეცვლასთან დაკავშირებთ, ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი კობახიძემ განაცხადა, საარჩევნო გარემოს შეცვლის ლოზუნგის კამპანია, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის დიდ საფრთხეს შეიცავს. ინიციატივის მიზანი და წარმოდგენილი მოთხოვნები ერთმანეთს არ შეესაბამება.
"4 ოქტომბერს პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული "განახლებული ინიციატივა" არსებითად არ ცვლის სურათს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კრიტიკის შემდეგ ავტორებს დოკუმენტი რამდენიმე მოკრძალებული მოთხოვნით შეუვსიათ. დამატებული მოთხოვნებიდან ბევრი მათგანი კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვებს, რომ ამ საქმეში ხელისუფლების ხელი ურევია. მხდეველობაში გვაქვს საარჩევნო დავების განხილვის სისტემა და ცესკოსა და სხვა საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესი. ამ წესში განუზომლად დიდია ე.წ. კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების როლი. ჩვენს კოლეგებს ავიწყდებათ, რომ ქვეყანაში მძვინვარებს აგრესიული ავტორიტარიზმი, რომელსაც შექმნილი აქვს მრავალშრიანი ჯავშანსისტემა და ამ სისტემის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ ხელისუფლების მიერ მართვადი ოპოზიციურად შერაცხული პარტიები. ზემოთხსენებული კვალიფიციური საარჩევნო სიბიექტების არანაკლებ 90 პროცენტისა სწორედ ასეთი პარტიებია," - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, საარჩევნო გარემოს შეცვლისთვის აუცილებელია სასამართლოს დამოუკიდებლობის რეალური უზრუნველყოფა, მედიისა და ბიზნესის გათავისუფლება, საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობა და სამართალდამცავი სტრუქტურების დეპოლიტიზაცია.
კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ, მცირე წინააღმდეგობის გათამაშების შემდეგ, მიიღოს ყველა ის მოთხოვნა, რასაც 8 პარტია აყენებს _ დანიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და უკვე აპრობირებული მეთოდით მიაღწიოს იგივე შედეგს, რაც თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო.
"ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა უნდა მოახერხოს პოზიციის შეჯერება. უნდა განისაზღვროს და შეთანხმდეს ის პირობები, რაც უზურნველყოფს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას პოსტსააკაშვილისეულ პერიოდში. მანამდე კი ვიბრძოლოთ ვითარებისა და გარემოების შესაბამისი პოლიტიკური მეთოდებით," - აღნიშნა კობახიძემ.
კობახიძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანის ერთ-ერთი გზა სახალხო კრება იქნება.