დღეს, 20 იანვარს, სერბეთი და კოსოვო შეთანხმდნენ, თითქმის 20-წლიანი ინტერვალის შემდეგ, აღადგინონ პირდაპირი ავიამიმოსვლა.
დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკების შუამავლობა შეერთებული შტატების მაღალი რანგის დიპლომატებმა იტვირთეს.
პრიშტინასა და ბელგრადს შორის შეთანხმება ბერლინში, შეერთებული შტატების საელჩოს შენობაში გაფორმდა.
"ეს მოვლენა კიდევ ერთი ნაბიჯია ჩვენი ძალისხმევისა, რათა მოხდეს ურთიერთობების ნორმალიზება კოსოვოსა და სერბეთს შორის", - თქვა კოსოვოს პრეზიდენტმა ჰაშინ ტაჩმა.
ჯერჯერობით არ არის ცნობილი, კონკრეტულად რომელი თარიღიდან დაიწყება პირდაპირი ფრენები.
როგორც იტყობინებიან ავიარეისებს დაბალბიუჯეტიანი კომპანია Eurowings-ი შეასრულებს, რომელიც გერმანული Lufthansa-ს შვილობილია.
პირდაპირი ავიამიმოსვლა სერბეთსა და კოსოვოს 1998 წელს შეწყდა, როდესაც ალბანელ ამბოხებულებსა და სერბეთის შეიარაღებულ ძალებს შორის სამხედრო ფართომასშტაბიანი შეტაკება დაიწყო.
სერბეთმა კონტროლი კოსოვოზე სრულად 1999 წელს დაკარგა.
კოსოვოს დამოუკიდებლობა 100-მდე ქვეყანას აქვს აღიარებული, აშშ-ის ჩათვლით. სერბეთი მას ისევ თავისი ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს.