ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი ლიბიაში მშვიდობისმყოფელების გაგზავნას არ გამორიცხავს.
"თუ ლიბიაში ზავი დამყარდება, ევროკავშირი მზად უნდა იყოს, რათა დაეხმაროს ლიბიას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შენარჩუნებასა და სტაბილურობაში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ადგილზე მშვიდობისმყოფელების გაგზავნაც გახდეს აუცილებელი", - თქვა ბორელმა Der Spiegel-თან ინტერვიუში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
მისივე თქმით, საბერძნეთმა უკვე დაადასტურა მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერ სამშვიდობო მისიაში ლიბიაში.
19 იანვარს ბერლინში, გაეროს ეგიდით, ლიბიაში არსებული ვითარების მოგვარების მოტივით, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიღებენ ლიბიის ეროვნული არმიის მეთაურმა ხალიფა ჰაფთარი და ლიბიის გაეროს მიერ აღიარებული მთავრობის ხელმძღვანელი ფაიეზ სარაჯი.
2011 წელს ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის მკვლელობის შემდეგ ლიბია ფაქტობრივად ორ ნაწილად გაიყო. ამჟამად ქვეყანაში ორხელისუფლებიანობაა გამეფებული.
აღმოსავლეთ ნაწილს განაგებს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი, დასავლეთ ნაწილს, დედაქალაქ ტრიპოლში, მართავს გაეროსა და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ეროვნული თანხმობის მთავრობა.
აღმოსავლეთ ნაწილის ხელისუფლება ტრიპოლისგან დამოუკიდებლად მოქმედებს და თანამშრომლობს ლიბიის ეროვნულ არმიასთან, რომელსაც ჰაფთარი ხელმძღვანელობს.