ლიბიის კონფლიქტის გადაჭრასთან დაკავშირებით, სამშვიდობო კონფერენცია ბერლინში 19 იანვარს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურმა გაავრცელა.
როგორც იტყობინებიან, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საკუთრივ გერმანიის, შეერთებული შტატების, რუსეთის, თურქეთის, ეგვიპტის, ევროკავშირის, გაეროსა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიღებენ ლიბიის ეროვნული არმიის მეთაურმა ხალიფა ჰაფთარი და ლიბიის გაეროს მიერ აღიარებული მთავრობის ხელმძღვანელი ფაიეზ სარაჯი.
"კანცლერმა ანგელა მერკელმა, გაეროს გენერალურ მდივანთან შეთანხმებით, გადაწყვიტა მოეწვია სამშვიდობო კონფერენცია ბერლინში, მთავრობისა და სახელმწიფოს მეთაურების დონეზე", - ნათქვამია განცხადებაში.
კონფერენციაზე მოწვეულნი არიან ასევე, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ჩინეთის, არაბეთის გაერთიანებული საემიროების, კონგოს, იტალიის, ეგვიპტის, ალჟირის, აფრიკული გაერთიანებისა და არაბთა ლიგის წარმომადგენლები. ამ ეტაპზე დაუზუსტებელია თუ როგორ იქნებია წარმოდგენილნი ეს ქვეყნები კონფერენციაზე.
ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მცდელობა ჰქონდათ გუშინ მოსკოვში, სადაც დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკება გაიმართა.
გავრცელებული ინფრომაციით, ლიბიის ეროვნული არმიის მეთაურმა ხალიფა ჰაფთარმა მოსკოვი ისე დატოვა, რომ ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე ხელი არ მოაწერა.
2011 წელს ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის მკვლელობის შემდეგ ლიბია ფაქტობრივად ორ ნაწილად გაიყო. ამჟამად ქვეყანაში ორხელისუფლებიანობაა გამეფებული.
აღმოსავლეთ ნაწილს განაგებს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი, დასავლეთ ნაწილს, დედაქალაქ ტრიპოლში, მართავს გაეროსა და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ეროვნული თანხმობის მთავრობა.
აღმოსავლეთ ნაწილის ხელისუფლება ტრიპოლისგან დამოუკიდებლად მოქმედებს და თანამშრომლობს ლიბიის ეროვნულ არმიასთან, რომელსაც ჰაფთარი ხელმძღვანელობს.