ლიბიის ეროვნული არმიის მეთაურმა ხალიფა ჰაფთარმა მოსკოვი ისე დატოვა, რომ ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე ხელი არ მოაწერა.
მოსკოვში გუშინ ლიბიაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ რუსეთისა და თურქეთის წარმომადგენლებიც.
ხალიფა ჰაფთარისგან განსხვავებით, სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწერა ტრიპოლიში განთავსებული ლიბიის მთავრობის ხელმძღვანელმა, ფაიეზ სარაჯმა.
2011 წელს ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის მკვლელობის შემდეგ ლიბია ფაქტობრივად ორ ნაწილად გაიყო. ამჟამად ქვეყანაში ორხელისუფლებიანობაა გამეფებული.
აღმოსავლეთ ნაწილს განაგებს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი, დასავლეთ ნაწილს, დედაქალაქ ტრიპოლში, მართავს გაეროსა და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ეროვნული თანხმობის მთავრობა.
აღმოსავლეთ ნაწილის ხელისუფლება ტრიპოლისგან დამოუკიდებლად მოქმედებს და თანამშრომლობს ლიბიის ეროვნულ არმიასთან, რომელსაც ჰაფთარი ხელმძღვანელობს.