დღეს, 5 ოქტომბერს, თბილისში დასრულდება თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელშიც მონაწილეობენ თანმედროვე ხელოვნების საერთაშორისო კურატორები, არტკრიტიკოსები, ხელოვნების ისტორიკოსები და ხელოვანები 8 ქვეყნიდან.
სიმპოზიუმის მთავარი თემებია: სჭირდება თუ არა ბიენალე თბილისს; საერთაშორისო გამოფენის / ბიენალეს მნიშვნელობა არტსცენის განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციისთვის XXI საუკუნეში; სხვადასხვა ტიპის ინიციატივების როლი სახელოვნებო სივრცეების ჩამოყალიბების პროცესში.
უკანასკნელ წლებში მრავალი საერთაშორისო არტკრიტიკოსი და კურატორი მსჯელობს XXI საუკუნეში გამოფენისა და ბიენალეს ინოვაციურ ფორმაზე და ცდილობს ახალი სახელოვნებო სტრატეგიებისა თუ ფორმების განვითარებას. ასევე, კვლავ აქტუალურია თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო სივრცეებში ე. წ. "ახალი არტსივრცეების" ინტეგრაციის საკითხი. თანამედროვე ქართული სახელოვნებო სცენაც აგრძელებს ადგილის დამკვიდრებას გლობალურ თანამედროვე "არტლანდშაფტში". ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო დიალოგი და გამოცდილების გაზიარება, ახალი კავშირებისა და ქსელების განვითარება, საერთაშორისო დისკურსი თემაზე საერთაშორისო გამოფენის / ბიენალეს ინოვაციური ფორმა XXI საუკუნეში.
თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო სიმპოზიუმი საშუალებას აძლევს სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტებსა და კურატორებს, იმსჯელონ თანამედროვე ხელოვნების აქტუალურ საკითხებზე და განიხილონ თანამედროვე ხელოვნების უახლესი ტენდენციები.
თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო სიმპოზიუმი 4 ოქტომბერს გაიხსნა.