ავსტრალიის ეროვნული პარკებისა და ველური ბუნების დეპარტამენტმა ხანძრით დაზარალებულ რეგიონებში მყოფი ცხოველები სხვადასხვა საკვებით მოამარაგა.
ქვეყნის ძნელად მისადგომ ადგილებში კი საკვები ვერტმფრენებიდან გადააგდეს.
როგორც იტყობინებიან, ცხოველები უკვე შეექცევიან მათთვის მიწოდებულ ათასობით კილოგრამ სტაფილოსა და ტკბილ კარტოფილს.
ავსტრალიის გარემოს დაცვის მინისტრის თქმით, მთავრობა გააგრძელებს ზრუნვას ცხოველთა გამოკვებაზე, ვიდრე ამის საჭიროება იქნება.
ხანძარი ავსტრალიის ტერიტორიაზე სექტემბრიდან მძვინვარებს. ევროკავშირის კოპერნიკის მონიტორინგის პროგრამის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ატმოსფეროში 400 მეგატონა ნახშირორჟანგი გამოიყო.
ხანძარს ემსხვერპლა 25 ადამიანი. დაიწვა მილიონობით ჰექტარი ტყის მასივი. განადგურდა ასეულობით საცხოვრებელი სახლი და ადმინისტრაციული შენობა.
სიდნეის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, ავსტრალიაში ტყის ხანძრებს ნახევარ მილიარდამდე ცხოველი ემსხვერპლა.