BBC-ის ჟურნალისტის, ფრენკ გარდნერის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე აიათოლა ალი ხამენეიმ დაიფიცა, რომ ამერიკის სამხედრო ძალებს რეგიონიდან გააძევებს.
"მათ სოლეიმანი მოკლეს, ჩვენ კი გავაძევებთ ახლო აღმოსავლეთიდან",- განაცხადა ირანის უზენაესმა ლიდერმა დახურულ შეხვედრაზე.
რამდენიმე საათის წინ, ირანმა ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზებზე სარაკეტო იერიში მიიტანა.
ირანის მიერ განხორციელებულ სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც განაცხადა, რომ ყველაფერი კარგადაა და განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.
შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის დაძაბულობის ახალი ტალღა ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის მკვლელობას მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, აეროპორტის სიახლოვეს, შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის დროს, მოკლეს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთი ელიტარული ქვედანაყოფის "ყუდსის" ლიდერი, გენერალი ყასემ სულეიმანი.
გენერალ სულეიმანის მკვლელობის გამო ირანში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა.