15-25 იანვარს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება სანტა ბარბარას საერთაშორისო კინოფესტივალი, სადაც დიმიტრი ცინცაძის ფილმი "შინდისი" იქნება ნაჩვენები.
"შინდისი" რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული და გვიყვება სოფელზე, რომელშიც ომმა გაიარა. მთავარ როლებს ფილმში გოგა პიპინაშვილი, დათო ბახტაძე და თამუნა აბშილავა ასრულებენ.
ფილმის მსოფლიო პრემიერა ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც გრან პრი და საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მოიპოვა.
"შინდისის" ჩვენებები სანტა ბარბარაში 21, 22 და 24 იანვარს გაიმართება.
სანტა ბარბარას საერთაშორისო კინოფესტივალი წელს 35-ედ ჩატარდება. წლების განმავლობაში იგი გახდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი წამყვანი კინოღონისძიება, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს 95 000 სტუმარს და 200-ზე მეტი ფილმის ჩვენებას.
წელს სანტა ბარბარას კინოფესტივალის საპატიო სტუმრები იქნებიან ბრედ პიტი, ლაურა დერნი, სკარლეტ იოჰანსონი, ადამ დრაივერი და რენე ზელვეგერი.